12:39:39 ოთხშაბათი, 06 ნოემბერი 2024
გენგეგმის განახლების სამუშაოების ანგარიშის მოსმენა თბილისის საკრებულოში
თბილისის არქიტექტურის სამსახურის ორგანიზებით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ ამ ეტაპისთვის დასრულებული სამუშაოების ანგარიში წარმოადგინა.

თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, არქიტექტორები, ურბანისტები და დეველოპერები.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, საკრებულოში წარმოდგენილი შუალედური ანგარიში იძლევა ზუსტ წარმოდგენას თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ეკოლოგიური, ტრანსპორტის, ფუნქციური ზონების და სხვა მიმართულებებით, შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოს დასრულება მნიშვნელოვანი ეტაპია ქალაქის განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში.

როგორც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, წინასაპროექტო კვლევის შედეგად გამოიკვეთა ქალაქის მიმდინარე საჭიროებები, დასრულდა გეგმარებითი დავალების პროექტისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის დაზუსტების პროცესი.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კონსორციუმი მუშაობს. საკონკურსო პირობების მიხედვით, განახლებული დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 17 აპრილი.