10:46:38 შაბათი, 28 დეკემბერი 2024
თბილისის მერის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში გრძელდება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში, თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი გერმანიაში გრძელდება.

დავით ნარმანია, მოადგილე ნატო ქიტიაშვილთან ერთად შტუტგარტში ახალი გამჭოლი რკინიგზის სადგურის პროექტს ადგილზე გაეცნო. პროექტის მიზანს ქალაქში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი რკინიგზის ცენტრალური სადგურის გაკეთება წარმოადგენს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული მაგალითი თბილისის გენერალური გეგმის მომზადების ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემოვლითი რკინიგზის თემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.

"როგორც გენერალური გეგმის ჯგუფი მუშაობს და ამასთანავე პრემიერთან არსებულ საბჭოზე იქნა ნამსჯელი, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც შემოვლითი რკინიგზის ახალ კონცეფციასთან იქნება დაკავშირებული აუცილებლად უნდა მომზადდეს. ეს პროექტი და ამ პროექტის საფუძვლები გვარწმუნებს კიდევ ერთხელ იმაში, რომ ქალაქში რკინიგზის ბევრი ჩიხის არსებობა პრაქტიკულად მიზანშეუწონელია და შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს ქალაქი. ისევე როგორც აკეთებენ შტუტგარტში, თბილისშიც ეს ტერიტორია უნდა იყოს გათავისუფლებული. ის თუ როგორ უნდა გაიაროს რკინიგზამ ქალაქის ტერიტორიაზე გვირაბის მეშვეობით თუ შემოვლით , რა თქმა უნდა ეს ტექნიკურ -ეკონომიკური კვლევით უნდა დადგინდეს და დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც დაევალა საქართველოს რკინიგზას და შესაბამისად გაეწია რეკომენდაცია თბილისის მერიას, ერთობლივად მომზადდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა რკინიგზის გადატანასთან დაკავშირებით.",-განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამუშაო ვიზიტზე თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, მერიის ტრანსპორტისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსები, საკრებულოს წევრები და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები იმყოფებიან.