15:44:35 ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად განხილვას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

დოკუმენტი შეხვედრის მონაწილეებს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა გააცნეს.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოწვეულ კოლეგებს წარუდგინეს გაწეული 6 ეტაპის სამუშაოს შედეგები, რომელიც მოიცავს დედაქალაქის ტერიტორიის განვითარების კონცეფციას, უფლებრივი ზონირების რუკას, მდინარე მტკვრის გასწვრივ რეკრეაციული არეალების მოწყობის სქემებს და სატრანსპორტო ქსელის განვითარების პერსპექტივებს.

განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა გენგეგმის ჯგუფს თავიანთი წინადადებები გააცნეს. ძირითადი კითხვები მათი მხრიდან გენერალური გეგმის შემდგომ აღსრულებასთან დაკავშირებით დაისვა. ასევე ინტერესი იყო ტრანსპორტის და საცობების მართვა-რეგულირების თემასთან დაკავშირებით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტრანსპორტის საკითხებზე დამატებითი განხილვა გერმანელ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ერთად გაიმართება.

შეხვედრას ესწრებოდა ელიავას ბაზრობის თანამშრომელთა ნაწილი. ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ხათუნა კაკაურიძემ შეხვედრაზე პროტესტი გამოთქვა ელიავას ბაზრობის გადატანის წინადადებასთან დაკავშირებით.

თბილისის მერმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე ელიავას ბაზრობის გადატანის საკითხის დასმა ნაადრევია, რადგან ეს გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის შემოთავაზებაა, რომელიც შემდგომი განხილვის საგანი იქნება. დავით ნარმანიას განცხადებით, უშუალოდ ელიავას ბაზრობის საკითხზე მსჯელობა საკრებულოში გაიმართება.

„გენერალური გეგმის ჯგუფი მზად არის შეხვდეს ელიავას ბაზრობის წარმომადგენლებს, მოისმინოს მათი მოსაზრებები. მათი გარკვეული ნაწილის მოსაზრებები ჩვენთვის ცნობილია, ვინაიდან ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით მათი მხრიდან გეგმა არის მომზადებული. მე მათ დავპირდი, რომ საკრებულოში ცალკე შეხვედრა გაიმართება. მნიშვნელოვანია და მთავარია, არ ავყვეთ ემოციებს. ჩვენ არასდროს მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ხალხზე უარყოფითად აისახება”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

რაც შეეხება თავად გენერალურ გეგმას, თბილისის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა შესაბამისი პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან შედგეს. დავით ნარმანიას თქმით, გათვალისწინებული იქნება ყველა საქმიანი წინადადება და შენიშვნა.

,,ჩვენ დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურასთან და შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელებთან ერთად ვიმსჯელეთ გენერალური გეგმის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორიც არის ტრანსპორტი, მშენებლობის რეგულაციასთან დაკავშირებული საკითხები. მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებები, ვინაიდან აქ წარმოდგენილნი არიან როგორც არქიტექტურის, ისე შესაბამისი მიმართულების სპეციალისტები. შესაბამისად, მათი მოსაზრებები, კვლევები და გამოცდილება მნიშვნელოვანია გენგეგმის განხილვის პროცესში. დიდი სიამოვნებით მივიღებთ ყველა საქმიან შენიშვნას და წინადადებას”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა მიმდინარე კვირას თბილისის საკრებულოში და არქიტექტორთა კავშირში შედგა. განხილვები დაგეგმილია ასევე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მეცნიერებათა აკადემიაში.