07:17:41 პარასკევი, 13 დეკემბერი 2024
თბილისის მერის სამუშაო ვიზიტი გერმანიასა და საფრანგეთში

თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში, ვიზიტით გერმანიასა და საფრანგეთში იმყოფება.

სამუშაო ვიზიტისას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე გერმანელი და ფრანგი სპეციალისტები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წევრებს უმნიშვნელოვანეს ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებების ნიმუშებს ადგილზე აცნობენ. კერძოდ, თბილისის მერი სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს თავად გაეცნო სტრასბურგში ტრანსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, ყურადღება გამახვილდა მდინარისა და ქალაქის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებულ თემებზე.

ვიზიტისას საუბარი შეეხო მდინარის ნაპირზე არსებული საჯარო სივრცეების ათვისებასა და ყოფილი საწარმოო ტერიტორიების ე.წ „ბრაუნფილდების“ სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებას.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ურბანული განვითარების სამომავლო პერსპექტივების დასახვის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია.

„გენერალური გეგმის მომზადება ფინალურ ეტაპზეა. ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომლებიც გერმანიისა და საფრანგეთის მნიშვნელოვან გამოცდილებას გვთავაზობენ, ადგილზე გვაცნობენ იმას თუ როგორ იმუშავა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში იმ ყველაფერმა, რაც მომავალში თბილისში უნდა დაიგეგმოს. ამდენად ერთის მხივ მნიშვნელლოვანია ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები, მეორეს მხრივ კი მდინარისა და ქალაქის ურთიერთობასთან დაკავშირებული თემები, რომელსაც დღეს ჩვენ გავეცანით. ის ყველაფერი, რაც შემოთავაზებულია გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ და რაც უკვე რეკომენდაციების სახით დევს თბილისის ახალ გენერალურ გეგმაში, ჩვენმა დღევანდელმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერზე ღირს მუშაობა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო გვეჩვენებინა თუ როგორ ვითვალისწინებთ სატრანსპორტო თემებზე მუშაობისას ურბანულ საკითხებს. ჩვენ ვეცადეთ ქალაქში, რომელშიც დასახლება მჭიდროვდებოდა შეგვენარჩუნებინა ცხოვრების ხარისხი, რომელიც საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რეკომენდაციების ნაწილი რომელიც ჩვენ დოკუმენტში ავსახეთ ბევრ ისეთ გამოცდილებას ეფუძნება, რომელიც სტრასბურგში გამოვიყენეთ“,- განაცხადა გენერალური გეგმის განახლების სამუშაოებზე მომუშავე ჯგუფის თანახელმძღვანელმა, ალფრედ პეტერმა.

სამუშაო ვიზიტზე თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, მერიის ტრანპორტისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსები, საკრებულოს წევრები და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები იმყოფებიან.