10:51:27 შაბათი, 28 დეკემბერი 2024
განმცხადებელთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა სამშენებლო სფეროს მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში, კერძოდ:

1.   2019 წლის 10 ივლისის საქართველოს მთავრობის 327 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების 63-ე მუხლის იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრავს თუ რა სახის ცვლილების განხორციელებაა შესაძლებელი არქიტექტურული პროექტის კორექტირების გზით და რა შემთხვევაში უნდა დაიწყოს ნებართვის გაცემის პროცედურა თავიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ცვლილების თანახმად, სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებული ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20%-ზე მეტად ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა დაწყებული უნდა იქნეს თავიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, განისაზღვრა გამონაკლისი, კერძოდ, განაშენიანების ფართობის ცვლილების შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის უფლებრივი ზონირების ცვლილებით დამკვეთს ერთმევა შესაძლებლობა, ზონის ცვლილებამდე დადგენილი ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პარამეტრები აითვისოს მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურის თავიდან დაწყების გზით.

2.  2019 წლის 5 ივლისის საქართველოს მთავრობის 318 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის 41 დადგენილებაში, რომლის თანახმად, დადგენილების მოქმედება არ გავრცელდება იმ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებსაც უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე და, იერსახის მოწესრიგების მიზნით, ერთიანი პროექტის საფუძველზე, უნდა გაიცეს დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობაზე მშენებლობის ნებართვა.