უმრავლეს შემთხვევებში, მსგავსი მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, ზეპირი მოსმენის
სხდომის ჩატარების შედეგადაც კი არ დგინდება, თუ რა გავლენას ახდენს შესათანხმებელი
სამშენებლო სამუშაოები ამ პირების კანონით დაცულ ინტერესებზე. შესაბამისად, ზეპირი
მოსმენის სხდომების ჩატარება იწვევს მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების გაჭიანურებას,
რაც გავლენას ახდენს ნებართვის მაძიებლის კანონიერ ინტერესებზე.
იმისათვის, რომ მომავალში დაცული იქნას როგორც ნებართვის მაძიებლის, ასევე,
იმ პირების ინტერესები, რომელთა კანონით დაცულ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას
ახდენს სამშენებლო სამუშაოები, საჭიროა მესამე პირების მიერ წარმოდგენილ შეტყობინებაში
ნათლად და გარკვევით დაფიქსირდეს რატომ ეწინააღმდეგება მესამე პირი კონკრეტულ სამშენებლო
სამუშაოებს (რა ნორმებს ეწინააღმდეგება შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები) და რა
ზიანი ადგება განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით. საჭიროების შემთხვევაში, მესამე
პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნას მის მიერ დაფიქსირებული გარემოებების დამადასტურებელი
შესაბამისი დოკუმენტაცია.
სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების თაობაზე წარმოდგენილი
კონკრეტული განცხადების განხილვისას, ასევე, განიხილავს ამ ობიექტთან დაკავშირებით
მესამე პირის მიერ წარმოდგენილ შეტყობინებასაც, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების
გარეშე. რის შედეგადაც, სამსახური იღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას
ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერების
საფუძველზე.