დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომლის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.
კახა კალაძის თქმით, 10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურში მომსახურების ახალი სტანდარტი დაინერგება, რომელიც სამსახურში არსებული სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული.
როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, უკვე შექმნილია კონკრეტული ინსტრუმენტები არსებული სისტემური პრობლემების დასაძლევად.
„დღეს მინდა ვისაუბრო არქიტექტურის სამსახურში არსებულ გამოწვევებზე, რომლის ადრესატები, ძირითადად, ბიზნეს სექტორი და არქიტექტურის სფეროში მომუშავე ადამიანები არიან. ჩვენ მიერ გამოვლენილია ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ, ყველა ის მიზეზი, რომელიც ამ პრობლემების გამომწვევია და შექმნილია კონკრეტული ინსტრუმენტები და მექანიზმები მათ დასაძლევად“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ იმ კონკრეტულ ხარვეზებზე ისაუბრა, რომელიც არქიტექტურის სამსახურის მუშაობას აფერხებდა.
„ეს იყო მომსახურების ვადების სისტემატური დარღვევა, არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები, ერთი და იგივე საკითხის რამდენჯერმე დახარვეზება, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარებულია, ნაწილი მოგვარების პროცესშია. ახალი სტანდარტის დანერგვით დავიწყებთ იმ ხარვეზებისა და სისტემური პრობლემების აღმოფხვრას, რომლებიც არსებობს როგორც საშემსრულებლო, ისე მენეჯმენტის რგოლში. ჩვენ თვალს არასოდეს დავხუჭავთ იმ პრობლემებზე, რომელიც საქალაქო სამსახურებში არსებობს და ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართული იქნება იმისკენ, რომ ყველა ეს სერვისი გაუმჯობესდეს და ყველა ის გამოწვევა, რომელიც არსებობს, მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ღონისძიება დედაქალაქის მთავრობის იმ სტრუქტურული რეფორმის ნაწილია, რომლის მიზანი მუნიციპალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა.