11:02:54 შაბათი, 28 დეკემბერი 2024
თბილისის მერიაში სტრუქტურული რეფორმა განხორციელდება
თბილისის მერიაში სტრუქტურული რეფორმირების პროცესი იწყება. ახალი სტრუქტურული მოდელის თანახმად ცვლილება 8 მიმართულებით განხორციელდება და მოიცავს ურბანულ, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ზედამხედველობის, შესყიდვების, მუნიციპალური სერვისების, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს.

სტრუქტურული რეფორმა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად წარადგინა და რეფორმის მიზნები შეაჯამა.

„უმთავრესი არსი, რაც ამ ცვლილებებით არის გათვალისწინებული, არის ის, რომ საქალაქო სამსახურები არამარტო აღმასრულებლები, არამედ პოლიტიკის შემქმნელები და გამტარებლები იქნებიან. არსებითად გაძლიერდება კოორდინაცია სამსახურებს შორის და მერია კომპლექსურ და ყოველმხრივ გააზრებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ჩვენი ქალაქის სწორად განვითარებისთვის ამ რეფორმის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. რა არის ამ ცვლილებების მიზანი: ეს არის მერიის სტრუქტურების შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმირება; მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ეფექტურად აღსრულება; ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები ადამიანებზე, ადამიანების კეთილდღეობაზე, სერვისებზე და ეს ყველაფერი უნდა იყოს გაადვილებული, შემცირებული უნდა იყოს ბიუროკრატია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, უკვე დაწყებულია საარჩევნო პროგრამის განხორციელება და ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტიან და გამჭირვალე მართვას.

სტრუქტურული რეფორმის თანახმად, არქიტექტურის სამსახურს გამოეყოფა ურბანული განვითარების მიმართულება და ჩამოყალიბდება ახალ სამსახურად, რომელიც მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავებაზე, დაგეგმარებაზე და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.

თბილისის მერის განცხადებით, ურბანული მიმართულების მართვა და დაგეგმვა ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით განხორციელდება.