10:28:18 შაბათი, 28 დეკემბერი 2024
არქიტექტორთა კავშირში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაცია განიხილეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდეგ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა საქართველოს არქიტექტორთა კავშირში გაიმართა.

არქიტექტორებთან და ურბანისტებთან ერთად, განხილვას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოწვეულ კოლეგებს წარუდგინეს გაწეული 6 ეტაპის სამუშაოს შედეგები, რომელიც მოიცავს დედაქალაქის ტერიტორიის განვითარების კონცეფციას, უფლებრივი ზონირების რუკას, მდინარე მტკვრის გასწვრივ რეკრეაციული არეალების მოწყობის სქემებს და სატრანსპორტო ქსელის განვითარების პერსპექტივებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. არქიტექტორთა კავშირის წევრებმა გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს გააცნეს თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები დოკუმენტთან დაკავშირებით.

დავით ნარმანიას განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად წარდგენამდე დოკუმენტის საჯარო განხილვები პროფესიულ, აკადემიურ წრეებში და არასამთავრობო სექტორთან გაგრძელდება და გათვალისწინებული იქნება გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები.

,,დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა არქიტექტორთა საზოგადოებაში, სადაც მათი აქტიური ჩართულობით ვიხილავთ გენერალური გეგმის პროექტს. დღევანდელი განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ უნდა შევჯერდეთ იმ პრინციპულ საკითხებზე, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებასთან. ამიტომ, იმ სიახლეზე, რაც წარმოდგენილია გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის მხრიდან, გაგრძელდება საჯარო განხილვები სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესურის და სპეციალისტების აქტიური ჩართულობით, რათა მოვისმინოთ ყველა წინადადება, რაც დოკუმენტს უფრო სრულყოფილს გახდის და შემდეგ შევიტანთ დედაქალაქის საკრებულოში დასამტკიცებლად”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ა(ა)იპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა.