02:18:11 პარასკევი, 27 დეკემბერი 2024
თბილისის მერის ლექცია არქიტექტურის სამსახურის სტაჟიორებისთვის
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის არქიტექტურის სამსახურში კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟიორებს თბილისის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ლექცია ჩაუტარა.

დავით ნარმანიამ მიმოიხილა თბილისის ეკონომიკური შესაძლებლობები და მისი ურბანული განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გაამახვილა სამშენებლო სექტორის მდგომარეობაზე და მის მნიშვნელობაზე ქალაქის განვითარების კუთხით. 

თბილისის მერმა უპასუხა სტაჟიორების შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა დედაქალაქის  ეკოლოგიის, დემოგრაფიის, ტრანსპორტის, ქუჩების კეთილმოწყობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფის საკითხებს.

თბილისის არქიტექტურის სამსახურში საკადრო რესურსის შექმნაზე ორიენტირებული სტაჟირების პროგრამა 2016 წლის ნოემბერში დაიწყო. პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას სამსახურის სხვადასხვა განყოფილებებში. სტაჟიორებს ასევე ჩაუტარდათ შემეცნებითი ტურები სხვადასხვა ორგანიზაციებში, ქალაქის სტრატეგიულ ობიექტებსა და ღირსშესანიშნავ ადგილებში.