10:10:49 შაბათი, 28 დეკემბერი 2024
თბილისის მერიის განცხადება სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობასთან დაკავშირებით


ჭავჭავაძის 68-ში სასტუმრო "ბუდაპეშტის"  მშენებლობისასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაციის არაერთი მცდელობის გამო და საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მერია საჭიროდ მიიჩნევს საკუთარი პოზიციისა და საკითხთან დაკავშირებული გარემოებების კიდევ ერთხელ დაფიქსირებას.

იმ ფაქტმა, რომ ჭავჭავაძის 68-ში მდებარე სასტუმრო "ბუდაპეშტის" ტერიტორია ექცევა ვაკის პარკის არსებულ საზღვრებს გარეთ, თბილისის წინა ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა გაეცა სასტუმროს მშენებლობის ნებართვა. ამისთვის თბილისის ყოფილი მერის 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულებით გახორციელდა სპეციალური ზონალური შეთანხმება და განისაზღვრა მიწის ნაკვეთის განაშენიანების (განაშენიანების ინტენსივობის) კოეფიციენტები. 2013 წლის 20 სექტემბერს კი აღნიშნულის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა.
დღეის მდგომარეობით, აღნიშნული მშენებლობის დასაშვებობის საკითხს განიხილავს თბილისის მერიის ფარგლებში შექმნილი, პრობლემური მშენებლობების შემსწავლელი შესაბამისი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქ. თბილისის მერიის, საკრებულოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციათა მოწვეული წარმომადგენლები.
კომისიამ 2014 წლის 02 დეკემბერს ერთხელ უკვე იმსჯელა არა მხოლოდ აღნიშნულ მშენებლობაზე, არამედ ვაკის პარკის დღევანდელი საზღვრების გაფართოვების საკითხზეც და ამ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება (იხილეთ დანართი).

1.  აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს გამწვანებული ზონის სიღრმეში და სასტუმრომდე მისასვლელი გზა არასაკმარისი იქნება ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობისათვის. ამასთანავე, დაუშვებელი და გამორიცხულია აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის გასაფართოვებლად ხის ჭრის ნებართვის გაცემა. 

2. ვინაიდან საქმეს განიხილავს სასამართლო, კომისია საკითხის არსებით განხილვას ვერ დაიწყებს, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას. 

3. მიწის ნაკვეთის ჩანაცვლების საკითხზე კომპანიის წარმომადგენლებს დაფიქრებისათვის მიეცეთ გარკვეული დრო და შესაძლებელობა შეარჩიონ ალტერნატიული ტერიტორია. 

4. კომისია აუცილებლად მიიჩნევს ვაკის პარკისა და მისი მიმდებარე გამწვანებული ტერიტორიის დაცვას შემდგომი მშენებლობებისგან.  ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიას მინიჭებული აქვს სარეკრეაციო ზონის სტატუსი არ აღმოჩნდა საკმარისი გამწვანებული ზონის ეფექტური დაცვისთვის. ამიტომ, კომისიამ მოიწონა ვაკის პარკის დღეის მდგომარეობით არსებული საზღვრების (რომელიც მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მცირე მონაკვეთს მოიცავს) გაფართოების საკითხი.“

გარდა ამისა, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გამოავლინა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევა. კერძოდ, ამოღებული ქვაბული ერთერთი ფასადის მხარეს გაცდენილია საკადასტრო წითელ ხაზებს, რის საფუძველზეც ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა მშენებლობის დამკვეთი (მშენებლობის დამკვეთიად ჯერ კიდევ ფიქსირდება შპს „გრაალი“, მესაკუთრედ ფიქსირდება შპს „ტიფლის კოსტავა“). მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვიდრე არ მოხდება ხარვეზის გამოსწორება სამშენებლო სამუშაოები ვერ გაგრძელება.
ამრიგად, მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით კი მედია საშუალებებს და მშენებლობით დაინტერესებულ მხარეს, ნუ შეიყვანენ  საზოგადოებას შეცდომაში. მედია საშუალებებს ასევე მოვუწოდებთ არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და თემის გაშუქებისას ნუ იქნებიან მიკერძოებული ამა თუ იმ ინტერესის სასარგებლოდ, რაც, სამწუხაროდ,  ბოლო დღეებში გამოიკვეთა ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან.