16:24:51 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
თბილისის მერი სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

​თბილისის მერი კახა კალაძე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ქალაქში არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებსა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე გამახვილდა.

სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მათ მერიის წარმომადგენლების მხრიდან ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მიიღეს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დაინტერესებულ კომპანიებს მერიის მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნებათ, რათა შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც მსგავსი ობიექტები ქმნიან, დროულად მოგვარდეს.

„დაინტერესებულ კომპანიებს მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს, რათა დედაქალაქში შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც ასეთი ობიექტები ქმნიან, მათ შორის, ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და ანტისანიტარიის თვალსაზრისით, დროულად მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს ქალაქში ურბანული თვალსაზრისით არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, იმ ამოცანების გადასაჭრელად, რაც ქალაქის წინაშე დგას, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების როლი მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტს. თბილისის მერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა.

„სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს ის შედეგები გავაცანით, რაც სამშენებლო სექტორში გვაქვს და რა მიმართულებითაც მივდივართ. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პროცესში მათი ჩართულობა კარგი იქნება. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ავარიული შენობების, ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების საკითხზე, რაც ასევე ძალიან აქტუალურია“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა.

თბილისის მერთან ერთად, შეხვედრას ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე მაია ბითაძე, ასევე, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.