11:19:23 ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური სერვისების მიწოდების რეფორმას საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ახორციელებს

სასტუმრო  „ქორთიარდ მარიოტში“ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სერვისების მიწოდების რეფორმის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. წარმომადგენლობით ღონისძიებას თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ნათია ნაცვლიშვილი, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორი ნატო გაგნიძე, საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არქიტექტურის სამსახურის სერვისების მიწოდების რეფორმას  საფუძვლად დაედება ამ სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც  „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ ექსპერტებმა, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით მოამზადეს.

პროექტი “საჯარო სერვისის ხარისხიანი მიწოდების პრაქტიკის დანერგვა ადგილობრივი თვითმმართველობის კონტექსტში“, მიზნად ისახავს არქიტექტურის სამსახურის ფორმირებას ეფექტიან სერვისის მიმწოდებელ სტრუქტურად. პროექტი 2017 წლის დეკემბერში დაიწყო 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ბოლოთაშვილის თქმით, დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახური მუნიციპალური მომსახურების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია საქართველოში, რომელსაც ყოველდღიურად, საშუალოდ 200-მდე მოქალაქე მიმართავს. 

„მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განვახორციელეთ სამსახურის სტრუქტურული ოპტიმიზაცია, ვნერგავთ თანამშრომელთა შეფასებისა და მონიტორინგის სისტემას. ამ პროცესში გამოვლინდა ყველა ის საჭიროება, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა მომსახურების გამარტივებასა და ხარისხის ამაღლებაზე. რეფორმის ამ ეტაპზე მეტად მნიშვნელოვანია პარტნიორების მხარდაჭერა და მათი რეკომენდაციები,“- აღნიშნა არქიტექტურის სამსახურის უფროსმა.

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორმა ნატო გაგნიძემ დეტალურად აღწერა ის ცვლილებები, რომლებიც ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებითაა გათვალისწინებული. 

„ჩვენი რეკომენდაციები ეყრდნობა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყველაზე მოთხოვნადი სერვისების ანალიზს, მათ შორის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას. ჩვენს მიერ შეთავაზებული რეფორმა მიზნად ისახავს სერვისების მიწოდების მოდელის განვითარებას იმ ტექნიკისა და მიდგომების გამოყენებით, რომელიც აღიარებულია, როგორც კარგი პრაქტიკა საჯარო სერვისების განვითარების სფეროში. დაგეგმილი ცვლილებები ეფუძნება მომხმარებელზე ფოკუსირებულ მიდგომას, რაც არის გადამწყვეტი სერვისის ხარისხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად. მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტების დანერგვა, ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესება, ხარისხის უზრუნველყოფის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობა, სტანდარტიზებული საოპერაციო პროცედურების შემუშავება და საინფორმაციო ტექნოლოგიების უკეთ გამოყენება, ეს არის ის ამოცანები რომელიც უნდა შესრულდეს - განაცხადა ნატო გაგნიძემ.