11:19:21 ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩართვა
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები როდესაც მესამე პირები მომართავენ სამსახურს და სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.tas.ge) მეშვეობით (ელექტრონული განცხადებები - საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა - შეტყობინება არქიტექტურულ ობიექტზე) ითხოვენ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის/მოსარგებლის მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების მიზნით წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებას, მათი მოსაზრებების მოსმენას და შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩართვას.

უმრავლეს შემთხვევებში, მსგავსი მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების შედეგადაც კი არ დგინდება, თუ რა გავლენას ახდენს შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები ამ პირების კანონით დაცულ ინტერესებზე. შესაბამისად, ზეპირი მოსმენის სხდომების ჩატარება იწვევს მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების გაჭიანურებას, რაც გავლენას ახდენს ნებართვის მაძიებლის კანონიერ ინტერესებზე.

იმისათვის, რომ მომავალში დაცული იქნას როგორც ნებართვის მაძიებლის, ასევე, იმ პირების ინტერესები, რომელთა კანონით დაცულ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამშენებლო სამუშაოები, საჭიროა მესამე პირების მიერ წარმოდგენილ შეტყობინებაში ნათლად და გარკვევით დაფიქსირდეს რატომ ეწინააღმდეგება მესამე პირი კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს (რა ნორმებს ეწინააღმდეგება შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები) და რა ზიანი ადგება განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით. საჭიროების შემთხვევაში, მესამე პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნას მის მიერ დაფიქსირებული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების თაობაზე წარმოდგენილი კონკრეტული განცხადების განხილვისას, ასევე, განიხილავს ამ ობიექტთან დაკავშირებით მესამე პირის მიერ წარმოდგენილ შეტყობინებასაც, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების გარეშე. რის შედეგადაც, სამსახური იღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.