11:20:21 ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
კახა კალაძე ოპოზიციას გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში თანამშრომლობას სთავაზობს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში თანამშრომლობას სთავაზობს.

აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მერიაში გააკეთა, სადაც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

დედაქალაქის მერმა ექსპერტებს გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და დედაქალაქის მოსახლეობისთვის აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტებთან პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასების პროცესში ჩაერთვებიან. პროცესში ასევე, ადგილობრივი ექსპერტები იქნებიან ჩართული. მინდა შევთავაზო ოპოზიციის წარმომადგენლებს - თუ მათ ექნებათ სურვილი, რომ შეფასების პროცესის თანამონაწილე გახდნენ, იმუშაონ ჩვენთან ერთად. წინასაარჩევნოდაც ვაცხადებდით, რომ ჩვენ მზად ვიქნებით თანამშრომლობისთვის და რადგან ეს დოკუმენტი ქალაქის სწორი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მათ ჩართულობის სურვილი აქვთ, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საერთაშორისო საფინანსო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილიც ესწრებოდა.

„გენგეგმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელზეც გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში თბილისის განვითარება უნდა დაფუძნდეს. შესაბამისად, ამ დოკუმენტის თავიდან ბოლომდე გააზრება, ვიდრე მერიის მიერ მისი მიღება მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, მათი წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი ექსპერტები იმისთვის, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მიიღონ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობენ.

მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო კომპანია „ბიურო ჰაპოლდმა“, რომელიც 100 მედეგი ქალაქის განვითარების პროცესში მერიის სტრატეგიული პარტნიორია, გამოთქვეს მზადყოფნა - გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში მათ მიერ შერჩეული ექსპერტები ჩართონ.