12:23:39 პარასკევი, 15 დეკემბერი 2017
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
დედაქალაქის მერის ახალი ინიციატივები

თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე განცხადება გააკეთა. პირველი საკითხი, რომელსაც თბილისის მერი მთავრობის სხდომაზე შეეხო, ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმების ინიციატივაა, რომლითაც დედაქალაქის მერია შესაბამის ორგანოებს მიმართავს. 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო თბილისის მერიას დაქვემდებარებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს, ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებას მიზანშეწონილად მიიჩნევს და ამ ინიციატივით შესაბამის ორგანოებს მივმართავთ. საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, წლების განმავლობაში, კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები მიიღებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიას სტრუქტურული რეფორმა აქვს დაწყებული. შესაბამისად, პროცესის დასრულებამდე, ე.წ. ზონალური საბჭოს ფუნქციას მერიის შესაბამისი სამსახურები შეასრულებენ. 

თბილისის მერის განცხადებით, ბიუროკრატიის შემცირების, გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და მუშაობის მეტი ეფექტურობის მიზნით, თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი 19 კომისიაც უქმდება. 

„ამ მიზნით, ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში, ხოლო კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით ნაკლებ დროში და უფრო ეფექტურად მიიღებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებაა, რომელთან დაკავშირებითაც, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, 41-ე დადგენილებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. კახა კალაძის თქმით, ახალი წესები მეტწილად სახანძრო უსაფრთხოებას ეხება.