06:28:08 პარასკევი, 21 ივლისი 2017
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
სამუშაო შეხვედრა გენერალური გეგმის განახლების თემაზე
თბილისის მერი დავით ნარმანია გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლოში“ დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების თემაზე მიმდინარე სამუშაო შეხვედრას ესწრება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის, იურიდიული, ტრანსპორტის, ეკოლოგიისა და გამწვანების, ეკონომიკური განვითარების, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ორგანიზაცია ა(ა)იპ „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ წევრები და ექსპერტები.

დავით ნარმანიას განცხადებით, განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიმართ საზოგადოებაში დიდი მოლოდინია და ეს დოკუმენტი ქალაქის შემდგომი განვითარებისთვის ქმედითი ინსტრუმენტი უნდა გახდეს. 

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, დედაქალაქის სხვადასხვა არეალების, მათ შორის რეკრეაციული სივრცეების რუკები, სარკინიგზო ქსელის პერსპექტივა, მცირე მდინარეების გახსნისა და მტკვრის გასწვრივ გამწვანებული არეალების მოწყობის სქემა. მომხსენებლებმა ისაუბრეს კომპაქტური ქალაქის პრინციპებზე და პოლიცენტრული განვითარების აუცილებლობაზე. გაიმართა დისკუსიები თბილისის სატრანსპორტო ქსელის განვითარების ხედვაზე, ცალკეული უბნების განაშენიანების პერსპექტივაზე და ქალაქისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ა(ა)იპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა. დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 15 მაისი, რის შემდეგაც მისი საჯარო განხილვები მოეწყობა.