თბილისის არქიტექტურის სამსახურის სანებართვო განყოფილებების თანამშრომლებს "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების" თემაზე სამდღიანი ტრენინგი უტარდებათ.
ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, ადგენს შენობების დაგეგმარების, სახანძრო უსაფრთხოების და სხვა მოთხოვნებს შენობების დაპროექტების, მშენებლობისა და გამოყენების პროცესში.
სასწავლო პროგრამა მოიცავს ახალი რეგულაციის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. ამ ეტაპზე, პრაქტიკული სესიის მონაწილეები განიხილავენ ახალი ტექნიკური რეგლამენტის გამოყენებით შემუშავებულ სანიმუშო პროექტებს. მიღებული ცოდნა მათ არქიტექტურული პროექტების შემოწმებისას გამოადგებათ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებმა ტრენინგის თეორიული ნაწილი 2016 წლის სექტემბერში გაიარეს.
"შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "მმართველობა განვითარებისათვის" მხარდაჭერით შემუშავდა.