10:13:36 შაბათი, 28 დეკემბერი 2024
არქიტექტურის სამსახური დაინტერესებულ მოქალაქეებისთვის ტრენინგ-სემინარებს აწყობს

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების განახლებული წესების შესახებ დაინტერესებული საზოგადოების  ინფორმირების მიზნით, ტრენინგ-სემინარების ციკლწამოიწყო.

როგორც ღონისძიების გახსნაზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ქალაქის განვითარებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე საინტერესო დისკუსიის საშუალებას იძლევა. მან ტრენინგ-სემინარში მონაწილე არქიტექტორებს, ურბანისტებს, დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შესთავაზა აქტიურად დააფიქსირონ საკუთარი პროფესიული მოსაზრებები, როგორც ცალკეულ საკანონმდებლო ნორმებზე, ასევე მათი აღსრულების პრაქტიკულ ასპექტებზე.

განახლებული დადგენილების საკითხებზე ტრენინგების მსურველთა რეგისტრაცია არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე (www.tas.ge) 3 ივნისს დაიწყო და მას საზოგადოების მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი 600-ზე მეტმა პირმა დააფიქსირა. საკანონმდებლო ცვლილებებს, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ჯგუფებად დაკომპლექტებულ მონაწილეებს არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები აცნობენ.

თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების ახალი რედაქცია, რომელიც ქალაქის ქაოტური განაშენიანების პრევენციისთვის მნიშვნელოვან რეგულაციებს აწესებს,  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის 24 მაისს დაამტკიცა.