10:53:33 შაბათი, 28 დეკემბერი 2024
ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა
თბილისის არქიტექტურის სამსახურმა „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების პროექტის საჯარო განხილვა მოაწყო. დისკუსიაში, რომელიც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს დეპუტატები, არასამთავრობო სექტორი, არქიტექტორები და დეველოპერები.
თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, თბილისის განაშენიანების რეგლამენტირებისთვის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში ჩადებული ახალი რეგულაციებით დაწესდება სამშენებლო პროცესის დროებითი რეჟიმი, რაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე თავიდან აგვაცილებს ქალაქის ტერიტორიების არასწორ განვითარებას. ასევე გამოსწორდება ცალკეულ ნორმებში არსებული ხარვეზები, რაც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და სამშენებლო პროცესებში ქალაქის ურბანული განვითარების ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

ცვლილებათა პროექტის მომზადებას წინ უძღვოდა თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის წევრების მიერ „თბილისის ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების“ რევიზია.

ცვლილებათა პროექტით, გამკაცრებულია განაშენიანების კოეფიციენტის გადამეტების წესი, რაც თბილისში მრავალბინიან საცხოვრებელი სახლების მომრავლების მიზეზად სახელდება. ეს პრაქტიკა დასაშვები იქნება მხოლოდ განვითარების განსაკუთრებული მიზეზების არსებობისას, რაც დაკავშირებული იქნება მაღალ საზოგადოებრივ ან სახელმწიფოებრივ საჭიროებებთან. ამასთან, დაზუსტდება გადამეტებისთვის აუცილებელი ტერიტორიის კვლევის წესი და გადამეტების მიზანშეწონილობის დასაბუთება.

ცვლილებების შედეგად გამოსწორდება მოქმედი ნორმები, რომელიც ორაზროვანი შინაარსის შედეგად მშენებლობისგან პრაქტიკულად დაუცველს ტოვებდა სარეკრეაციო და გამწვანებული ტერიტორიების. პროექტის მიხედვით, გამწვანებულ ტერიტორიებზე უნდა გავრცელდეს სარეკრეაციო ზონის მოთხოვნები და რეჟიმები, და არ უნდა დაიშვას მშენებლობები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი სხვა ფუნქციურ ზონებშია (მათ შორის საცხოვრებელ და საქმიან ზონაში) მოქცეული.

ცვლილებების მიხედვით, ასევე შემოღებული იქნება შენობების გარე იერსახის რეგულირების წესები; დაზუსტდება ავტო-პარკირების მოწყობის ვალდებულების საკითხები.

„ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესები“ თბილისისთვის ადგენს სამშენებლო პირობებს, რომლებიც მიღებულია 2009 წელს დედაქალაქის გენერალურ გეგმასთან ერთად და მას შემდეგ არ შეცვლილა.

კონსულტაციების შემდეგ, პროექტი განსახილველად თბილისის საკრებულოში გადაიგზავნება.