მომსახურების ახალი სერვისები სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისაგან
ექსკლუზიური მომსახურება და ერთიანი ფანჯრის პრინციპი
არქიტექტურის სამსახურს ემატება ორი ახალი მომსახურება სახელწოდებით. ‘’ექსკლუზიური მომსახურება’’ და ‘’ერთი ფანჯრის პრინციპი’’, პირველი გულისხმობს კონსულტაციას სპეციალისტთან. განმცხადებლის მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაინტერესებულ პირს სპეციალისტი აწვდის რეკომენდაციას დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის თაობაზე. დაინტერესებული პირის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტი მისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შევსებას ტექნიკური ან/და სამართლებრივი კუთხით.
ექსკლუზიური მომსახურებით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, სპეციალისტი გაეცნობა დაინტერესებული პირის მიერ სამსახურში წარმოდგენილ დოკუმენტაციას და 2 დღის განმავლობაში აცნობებს მას გადაწყვეტილებას ექსკლუზიური მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება III და IV კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისას და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებით. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დაინტერესებული პირი იხდის ექსკლუზიური მომსახურების გაწევისთვის ამ წესით დაწესებულ საფასურს და სპეციალისტთან შეხვედრის მიზნით ირჩევს ვიზიტის სასურველ დღეს და დროს. ვიზიტი შესაძლებელია დანიშნულ იქნას ექსკლუზიური მომსახურების გაწევის საფასურის გადახდიდან მხოლოდ 3 დღის შემდეგ.
სამსახური უარს აცხადებს ექსკლუზიური მომსახურების გაწევაზე თუ საქმის სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია აღნიშნული მომსახურების გაწევა.
ექსკლუზიური მომსახურების ფარგლებში დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ისარგებლოს არა უმეტეს 3 ვიზიტით, ამ წესით დადგენილი ექსკლუზიური მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდიდან 1 წლის განმავლობაში. თითოეული ვიზიტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათს.
დაინტერესებული პირის მიერ, სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, განაცხადი დარეგისტრირდება, რომლის შემდგომ იწყება ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისი აქტის გამოცემის მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ სამი ვიზიტის ფარგლებში დაინტერესებული პირი არ წარმოადგენს აუცილებელ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან ინფორმაციას, ექსკლუზიური მომსახურება შეწყდება.
ექსკლუზიური მომსახურების გაწევის საფასური შეადგენს 3000 ლარს.
ექსკლუზიური მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურის ქმედებას ამ წესითა და კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, მიუხედავად III და IV კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე სამსახურის საბოლოო გადაწყვეტილებისა.“
ექსკლუზიური მომსახურება მიზნად ისახავს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57–ე დადგენილებით განსაზღვრულ III და IV კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობების არქიტექტრული პროექტის შეთანხმებისას და მშენებლობის ნებართვის გაცემისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან ურთიერთობის ხელშეწყობას და გულისხმობს კონსულტაციის მიღების შესაძლებლობას შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გამოვლენილ ხარვეზებთან და მათი აღმოფხვრის გზებთან დაკავშირებით, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, წარმოდგენილი ინფომაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, განმცხადებლისთვის დახმარების გაწევას არსებული ხარვეზების გასწორების მიზნით.
მეორე ეს არის ‘’ერთი ფანჯრის პრინციპი’’ რომელიც, არქიტექტურის სამსახურში შემოსულ განაცხადებზე საქმისწარმოების პროცესის გამარტივების მიზნით არქიტექტურის სამსახურის ინიციატივით და მერიის სხვა საქალაქო სამსახურების ჩართულობით შემუშავდა, იმისათვის რომ შიდა კომუნიკაცია კიდევ უფრო გამარტივდეს.
არქიტექტურის სამსახურში გაკეთებულ განაცხადებზე საქმისწარმოების პროცესში ხშირად საჭიროა მერიის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან სხვადასხვა ინფორმაციის მოწოდება. მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ინფორმაციის გაცვლა დაეხმარება მოქალაქეს, დაუზოგავს დროს და ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას არქიტექტურის სამსახურს სჭირდება ინფორმაცია მერიის შემდეგი სტრუქტურული ერთეულებიდან:
1. ქონების მართვის სააგენტო
2. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური
3. ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
4. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური
5. ტრანსპორტის საქალაქო სამსახური
6. კულტურის საქალაქო სამსახური
სამსახურმა როგორც უკვე აღინიშნა შეიმუშავა ელექტრონული საქმისწარმოების ფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება სხვადასხვა საქალაქო სამსახურებთან განაცხადის გადაგზავნა და მათზე სწრაფი რეაგირება. ზემოაღნიშნული ინიციატივა უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის საქმისწარმოების პროცესის დაჩქარებას და სამსახურის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, მოქალაქეების მხრიდან ზოგადად მერიის და უშუალოდ არქიტექტურის სამსახურის მიმართ ლოიალურობის გაზრდას.
ამგვარი შიდა სისტემური ერთიანობის უზრუნველყოფა ყოველთვის გამართლებულია და საქმის ეფექტურ წარმართვას მხოლოდ ხელს უწყობს. ამ ინიციატივით იგებს როგორც სახელმწიფო უწყება ისე კმაყოფილია მოქალაქე.