ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს ქ. თბილისში, პუშკინის ქუჩაზე, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის კონცეფციის შექმნაზე.
კონკურსის მიზანს წარმოადგენს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირიდან მტკვრის სანაპიროს მიმართულებით, ტრანსპორტის მოძრაობის სქემის მოწესრიგების საუკეთესო ქალაქთმშენებლობითი გადაწყვეტილების გამოვლენა.
კონკურსის ამოცანაა ქ. თბილისში, პუშკინის ქუჩაზე, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა და საპროექტო ტერიტორიის დაცვა-განვითარებაზე ორიენტირებული არქიტექტურულ-ქალაქგეგმარებითი
კონცეფციის შემუშავება, რაც შემდეგში საფუძვლად დაედება შესაბამისი მშენებლობის პროექტის
დამუშავებას.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ
ფიზიკურ ან/და
იურიდიულ პირს, გარდა შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლების და წინამდებარე კონკურსის ორგანიზებაში ჩართული პირებისა.
გამარჯვებულებს ღია კონკურსის ფორმით გამოავლენს საკონკურსო კომისია.
საკონკურსო კომისია უფლებამოსილია შეარჩიოს 3 (სამი) საუკეთესო კონცეფცია და შესაბამისად
მიანიჭოს მათ I, II და III საპრიზო ადგილები.
საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება საკონკურსო განცხადების სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge გამოქვეყნებიდან და გრძელდება ერთი თვე.
კონკურსში მონაწილე პირებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინონ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე www.tas.ge
საკონკურსო განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდსა – www.tas.ge და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ვებ-გვერდზე www.archunion.ge
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით, საკონკურსო კომისიის დამატებითი სხდომების გამართვის საჭიროებიდან გამომდინარე, საკონკურსო წინადადებების განხილვის ვადა განისაზღვრა საკონკურსო წინადადებების მიღების ვადის დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისში, პუშკინის ქუჩაზე, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის გამარჯვებული კონცეფციები გამოვლინდება 2014 წლის 19 დეკემბრისათვის.
ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით ბრძანება იხილეთ მიბმულ ფაილებში.