გამარტივდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსების (მათ შორის კომერციული საწყობების) მშენებლობასთან დაკავშირებული პროცედურები, კერძოდ:
1. დამკვეთი ვალდებულია არქიტექტურის სამსახურში წარადგინოს სამშენებლოდ განკუთვნილი მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი ინფორმაცია (და არა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მოპოვება ადრე დამატებით მოითხოვდა რამდენიმე დღეს და ხარჯს 15 ლარის ოდენობით);
2. დამკვეთი ვალდებულია არქიტექტურის სამსახურში წარადგინოს შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემები (აღნიშნული რეესტრიდან ამონაწერის ნაცვლად) ან პირადობის მოწმობის ნომერი და პირადი ნომერი (შესაბამისი მოწმობის ასლის ნაცვლად);
3. დედაქალაქის მთავრობის მიერ განსაზღვრულ იმ ზონებში, სადაც არ არსებობს განაშენიანების რეგულირების გეგმა, მაგრამ მოქმედებს დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსის (კომერციული საწყობის) მშენებლობის ნებართვა გაიცემა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის საფუძველზე, ე.ი. მხოლოდ II და III სტადიით (30 დღეში), ნაცვლად სამივე სტადიისა (45 დღისა). შესაბამისად, გამარტივებული წესით ნებართვის გაცემა შესაძლებელი იქნება ერთი გაერთიანებული პროცედურით, რაც გულისხმობს მშენებლობის ნებართვის 20 დღეში გაცემას (45 დღის ნაცვლად);
4. კომერციული საწყობის სამშენებლო დოკუმენტის სხვა ტერიტორიაზე გამოყენების შემთხვევაში მშენებლობის ნებართვა (III სტადია) გაიცემა მხოლოდ I სტადიით, ხოლო დედაქალაქის მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში მხოლოდ 10 დღეში;
5. გაუქმდა კომერციული საწყობის სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმის შედგენისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენის ვალდებულება;
6. კომერციული საწყობების ექსპლუატაციაში მიღება, ნაცვლად ადრე არსებული 15 დღისა, ხდება 5 დღეში. ამასთან, შესაბამისი საწყობის ექსპლუატაციაში მიღება უფასოა.