12:22:46 პარასკევი, 15 დეკემბერი 2017
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
ახალი მოთხოვნები არქიტექტურული პროექტების სტანდარტის გაუმჯობესებისთვის

2017 წლის 6 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერის - კახი კალაძის მიერ, თბილისის არქიტექტურის სამსახურისადმი მიცემული დავალების შესაბამისად, განსაკუთრებული კონტროლი დაწესდა შენობის გარე კედლებისა და გადახურვის სტანდარტზე. თბილისის არქიტექტურის სამსახურში შემუშავებული ახალი მოთხოვნების მიხედვით, III – IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციის ნუსხას დაემატა გარე კედლებისა და სახურავის დეტალური პროექტები, რაც ფასადის ხანგამძლეობისა და ვიზუალური სტანდარტის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

აქამდე არქიტექტურის სამსახურის მიერ ზემოხსენებული დოკუმენტაციის წარმოდგენა პროექტის შეთანხმების სტადიაზე არ მოითხოვებოდა და იგი ნებართვის მფლობელს მხოლოდ სამშენებლო მოედანზე უნდა ჰქონოდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის გარე კედლებისა და სახურავის ნაწილი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების მე-14 და მე-15 თავებს, რომელიც აწესებს გარე კედლების საფრის, ღიობების, გარე ფანჯრისა და კარების, არქიტექტურული გაფორმების, აივნებისა და მსგავსი ნაშვერების მინიმალურ მოთხოვნებს. აგრეთვე არეგულირებს სახურავზედა ნაგებობების დაგეგმარების მასალების, მშენებლობისა და ხარისხის სტანდარტებს.