15:11:28 კვირა, 23 სექტემბერი 2018
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
გენგეგმის განახლებაზე მომუშავე კონსორციუმმა შუალედური ანგარიში წარმოადგინა
თბილისის მერიაში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე კონსორციუმმა შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში დედაქალაქის მთავრობის წევრებს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა გააცნეს. 
სამუშაო შეხვედრა თბილისის არქიტექტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მას  თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, არქიტექტორები და დეველოპერები დაესწრნენ.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა მოსამზადებელი სამუშაოები პირველ ეტაპზე დაასრულა. მისივე თქმით, შუალედური ანგარიში იძლევა ზუსტ წარმოდგენას თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ეკოლოგიური, ტრანსპორტის, ფუნქციური ზონების და სხვა მიმართულებებით. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დასრულდა გეგმარებითი დავალების პროექტისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის დაზუსტების პროცესი. გეგმარებითი დავალება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების საკვანძო ეტაპს წარმოადგენს, ის ადგენს დაგეგმვის და მისი განხორციელების ეკოლოგიურ, ტექნიკურ, საორგანიზაციო პირობებს. მასში დაზუსტებულია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შინაარსი და შემადგენლობა. 

გენერალური გეგმის განახლებაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კონსორციუმი მუშაობს. შემდეგი სამუშაო შეხვედრა სამ თვეში გაიმართება.