18:56:15 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
ქ. თბილისიში გამწვანებული ტერიტორიების შესაბამის ფუნქციურ ზონებად გამოყოფა და დაცვა სამშენებლო განვითარებისგან
ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებულ იქნა  პროექტი, რომელიც დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22/05/15 N 12–52, 9/06/15 N 13–58, 23/06/15 N 15–63, 17/07/15 N 18–70 დადგენილებებით. აღნიშნული პროექტის მიზანია გენერალური გეგმის უფლებრივი ზონირების რუკაში ისეთი საქალაქო გამწვანებული ტერიტორიების შესაბამის ფუნქციურ ზონებად გამოყოფა და მათი დაცვა სამშენებლო განვითარებისგან, რომლებზეც ამ დრომდე არ ვრცელდებოდა რეკრეაციული ზონის სტატუსი.

გამწვანებული ტერიტორიები  შეიძლება მოქცეული იყოს შემდეგ ფუნქციური ზონებში: 
სარეკრეაციო ზონა 1 – ზონა, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ: ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა). აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა გარდა:
 ა) განათების;
 ბ) სარწყავი სისტემის;
 გ) სარეკლამო ბილბორდის;
დ) დეკორატიული გაფორმების ობიექტის;
სარეკრეაციო ზონა 2 - ზონა, რომელიც წარმოადგენს  ზონას მდებარეს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც ასევე დასაშვებია სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული მშენებლობის სახეობები, მაგალითად :ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, სასტუმრო, სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, ღიადა გადახურული კინოთეატრი),სასკოლო და სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზებული დაწესებულებები და ა.შ.

დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების მიმართ სამშენებლო ბაზრის ზეწოლის პირობებში, რაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების რისკებს შეიცავს და საფრთხეს უქმნის დედაქალაქის ურბანული გარემოს სიჯანსაღესა და მდგრად განვითარებას, დღის წესრიგში დგას გამწვანებული ტერიტორიების მკაცრი დაცვის საკითხი განაშენიანებისგან და სხვა მსგავსი სამშენებლო ინტერვენციისგან.

აღნიშნული, უპირველს ყოვლისა, ეხება მცირე საქალაქო გამწვანებულ ტერიტორიებს, რომლებიც მოქმედი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით არ არის გამოყოფილი უფლებრივი ზონირების რუკაში შესაბამისი ზონირებით, რაც მათ დაცვას უზრუნველყოფდა.

   როგორც ზემოთ აღინიშნა, არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფმა შეისწავლა  დედაქალაქის ტერიტორია, სამსახურში დაცული საყრდენი ინფორმაციის საფუძველზე და ცალკეულ უბნებში და კვარტლებში გამოავლინა გამწვანებული ტერიტორიების ის ნაწილი, რომელთა დაცვაც წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას და ამასთან, შესაძლებელია გამოყოფილ იქნას ცალკე ერთგვაროვან ზონად გენერალური გეგმის უფლებრივი ზონირების რუკაში.
ფუნქციური ზონების გამოყოფა მოხდა შემდეგი პრინციპების დაცვით:
დომინირებული გამწვანებული ტერიტორიების ასახვა, მიმდებარე არსებული განაშენიანების გეგმარებითი და მოცულობითი პარამეტრების გათვალისწინებით (რამდენად მნიშნველოვანია სარეკრეაციო სივრცე მიმდებარე განაშენიანებისთვის);
ტერიტორიის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობა;
კერძო მესაკუთრეთა ინტერესების დაცულობა (მხოლოდ სახელმწიფო და საქალაქო ტერიტორიების გამოყენება).

ზემოაღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, სარეკრეაციო ზონა გავრცელდა 1 981 853 კვ.მ დედაქალაქის ტერიტორიაზე, საიდანაც რზ 1–ს წარმოადგენს 919790 კვ.მ., ხოლო რზ 2–ს – 1 062 063 კვ.მ.