12:18:07 პარასკევი, 15 დეკემბერი 2017
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა- „სითი ინსტიტუტი საქართველომთბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ განმეორებითი წერილობითი მითითების შემდგომ განახლებული მასალები წარუდგინა


    იხილეთ მასალები

    2017-12-09
  • 2017 წლის 6 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერის - კახი კალაძის მიერ, თბილისის არქიტექტურის სამსახურისადმი მიცემული დავალების შესაბამისად, განსაკუთრებული კონტროლი დაწესდა შენობის გარე კედლებისა და გადახურვის სტანდარტზე. თბილისის არქიტექტურის სამსახურში შემუშავებული ახალი მოთხოვნების მიხედვით, III – IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციის ნუსხას დაემატა გარე კედლებისა და სახურავის დეტალური პროექტები, რაც ფასადის ხანგამძლეობისა და ვიზუალური სტანდარტის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

    აქამდე არქიტექტურის სამსახურის მიერ ზემოხსენებული დოკუმენტაციის წარმოდგენა პროექტის შეთანხმების სტადიაზე არ მოითხოვებოდა და იგი ნებართვის მფლობელს მხოლოდ სამშენებლო მოედანზე უნდა ჰქონოდა.

    აღსანიშნავია, რომ პროექტის გარე კედლებისა და სახურავის ნაწილი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების მე-14 და მე-15 თავებს, რომელიც აწესებს გარე კედლების საფრის, ღიობების, გარე ფანჯრისა და კარების, არქიტექტურული გაფორმების, აივნებისა და მსგავსი ნაშვერების მინიმალურ მოთხოვნებს. აგრეთვე არეგულირებს სახურავზედა ნაგებობების დაგეგმარების მასალების, მშენებლობისა და ხარისხის სტანდარტებს.

    2017-12-07
  • თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე განცხადება გააკეთა. პირველი საკითხი, რომელსაც თბილისის მერი მთავრობის სხდომაზე შეეხო, ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმების ინიციატივაა, რომლითაც დედაქალაქის მერია შესაბამის ორგანოებს მიმართავს. 

    „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო თბილისის მერიას დაქვემდებარებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს, ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებას მიზანშეწონილად მიიჩნევს და ამ ინიციატივით შესაბამის ორგანოებს მივმართავთ. საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, წლების განმავლობაში, კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები მიიღებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

    მისივე თქმით, დედაქალაქის მერიას სტრუქტურული რეფორმა აქვს დაწყებული. შესაბამისად, პროცესის დასრულებამდე, ე.წ. ზონალური საბჭოს ფუნქციას მერიის შესაბამისი სამსახურები შეასრულებენ. 

    თბილისის მერის განცხადებით, ბიუროკრატიის შემცირების, გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და მუშაობის მეტი ეფექტურობის მიზნით, თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი 19 კომისიაც უქმდება. 

    „ამ მიზნით, ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში, ხოლო კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით ნაკლებ დროში და უფრო ეფექტურად მიიღებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

    კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებაა, რომელთან დაკავშირებითაც, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, 41-ე დადგენილებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. კახა კალაძის თქმით, ახალი წესები მეტწილად სახანძრო უსაფრთხოებას ეხება.

    2017-11-29
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა- „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, განახლებული მასალები წარუდგინა. 

    იხილეთ მასალები
    2017-11-20
  • გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის №498 დადგენილებით, შევიდა ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში.

    საგულიხსმოა, რომ განხორციელებული ცვლილების თანახმად: დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც 2017 წლის 16 ნოემბრამდე შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი ან წარდგენილია განაცხადი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი. აღნიშნულ ობიექტებზე გავრცელდება ზემოაღნიშნული დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობა. შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ ვრცელდება ყველა იმ ობიექტზე რომელთა მიმართაც დამტკიცებულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) და ზემოაღნიშნულ ცვლილებაში მითითებულ თარიღამდე (16.11.2017წ) არ განხორციელებულა შემდგომი ქმედება.

    2017-11-20
  • დედაქალაქის მთავრობამ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსად თეიმურაზ ბოლოთაშვილი დანიშნა.

    თეიმურაზ ბოლოთაშვილი დაიბადა 1982 წლის 11 აგვისტოს, თბილისში. 2004 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურის ახალ ხელმძღვანელს აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და პროექტების მართვის მრავალწლიანი პრაქტიკა, ასევე ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. 2015-2016 წლებში იკავებდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას.

    თეიმურაზ ბოლოთაშვილი 15 წლის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო კონსულტანტად, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. სამშენებლო ტექნიკური რეგულაციების შემუშავებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის გაუმჯობესების საკითხებზე ექსპერტად მიწვეული იყო: ალბანეთში, ინდონეზიაში, ავღანეთსა და მონღოლეთში. იურიდიული კონსულტანტის რანგში ჩართული იყო რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და ფოთის ინდუსტრიული ზონის სამშენებლო რეგულაციების მომზადების პროცესში. იგი ასევე აქტიურად მონაწილეობდა ქვეყანაში სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შექმნაში.

    2017-11-20
  •       საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2015 წელს 20 მარტს განხორციელებული ცვლილებების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დავალების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მომზადდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (20.03.2015წ. #3407-IIს) 79–ე და მე–80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად ობიექტების ნუსხა.
    2017-11-13
  • თბილისში სტუმრად მყოფმა გერმანელმა არქიტექტორმა და ქალაქმგეგმარებელმა მარკუს პენელმა თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის სემინარი ჩაატარა.

     ცნობილი არქიტექტურული სახელოსნოს “O&O Baukunst”-ს ხელმძღვანელი ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე განხილული იქნა ბერლინის მიწათსარგებლობის გეგმის ძირითადი დეტალები და ისტორიულ უბნებში თანამედროვე ნაგებობებათა პროექტირების პრაქტიკა. მარკუს პენელმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს ევროპის სხვადასხვა ქალაქების განაშენიანების ტენდენციებთან, სატრანსპორტო ქსელთან და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.

     მარკუს პენელის თბილისში ვიზიტი თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ორგანიზებით ხორციელდება.

    2017-09-29
  • თბილისის არქიტექტურის სამსახური სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს. არქიტექტურული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა, რომელთაც თბილისის არქიტექტურის სამსახურში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება სურთ, განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით 15 ოქტომბრამდე უნდა გამოგზავნონ.

    კანდიდატები სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ შეირჩევიან.

    არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით იწარმოებს. პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას არქიტექტურის სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში. 

    სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შანსი ეძლევათ. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კონკურსი თბილისის არქიტექტურის სამსახურში 2016 წლის სექტემბერშიც გამოაცხადა და შედეგად 30 სტაჟიორი შეირჩა. პროგრამის წარჩინებით გავლის შედეგად 14 ახალგაზრდა უკვე დასაქმდა არქიტექტურის სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში.

    სტაჟირების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: 
    https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45188

    2017-09-28
  • თბილისის მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი დედაქალაქში არსებული ყოფილი საწარმოო ტერიტორიების ე.წ „ბრაუნფილდების“ განვითარების საკითხებზე მსოფლიო ბანკის ურბანული მიმართულების ხელმძღვანელს დევიდ სისლენს შეხვდა.

    შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის პირველი ფაზის შედეგები, რომელიც თბილისის მასშტაბით არსებული „ბრაუნფილდების“ აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის კომპონენტს მოიცავდა. აქვე დაიგეგმა თანამშრომლობის მომდევნო ფაზის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები, რომელიც ამ ტერიტორიების დეტალურ კვლევას ითვალისწინებს.

    შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ წიკლაური, ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის უფროსი დავით ასანიძე და მსოფლიო ბანკის ურბანული განვითარების სპეციალისტი თენგიზ გოგოტიშვილი.

    თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ყოფილი საწარმო ტერიტორიების განვითარება, რომელიც საბჭოთა ეპოქაში ინდუსტრიული დანიშნულებით გამოიყენებოდა, დღეს კი მათი უმეტესობა უფუნქციოდაა დარჩენილი. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური ამ ტერიტორიების სამომავლო განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან.

    2017-09-15